ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გამომდინარე იქიდან, უკრაინაში "ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა" აქვს, საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია. ამის შესახებ მან პირველი არხის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს "მანკიერი ინტერესი", რომელიც არ არსებობს, მაგალითად, მოლდოვის მიმართ.
"მოლდოვაშიც პატიმრობაშია მე-5 პრეზიდენტი, მაგრამ არავის ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. ჩვენთან დაკავშირებით მარტო ჯანმრთელობაზე ხომ არ იყო საუბარი? პირდაპირ გვეუბნებოდნენ, გვამუნათებდნენ ეს ევროპარლამენტარები, მათი ნაწილი, რომ როდესაც პატიმრობაშია პრეზიდენტი, ეს უკვე არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის და მის იმიჯზე ძალიან ცუდად აისახება.
ასეთი არცერთი განცხადება არ გაკეთებულა მოლდოვასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი მე-5 პრეზიდენტი დღეს არის დაპატიმრებული, არის პატიმრის სტატუსის მქონე. რატომ? იმიტომ, რომ რა მანკიერი ინტერესიც არ არსებობს მოლდოვის მიმართ, ის მანკიერი ინტერესი არსებობს საქართველოს მიმართ", - განაცხადა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს "მანკიერი ინტერესი" ომში ჩართვის სურვილი და იზრდება თუ არა ის, კობახიძე პასუხობს:
"რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი და ომში ჩართვის სურვილი. კი, [ეს ძლიერდება], გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში მძიმე ვითარებაა დღეს, ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვიცით მოვლენები, მაგრამ ამ ეტაპზე გარკვეული უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს, რა თქმა უნდა, ეს ინტერესი გაზრდილია".